Story in kurorti Borjomi

ეიფელის ხიდი



    გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ- ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს.

    ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა. ,კუკუშკა” დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს.

    ხიდს ხალხში დღესაც „ეიფელის ხიდს“ ეძახიან.






წმინდა გიორგის სახელობის დაბის ეკლესია



    წმინდა გიორგის სახელობის დაბის ეკლესია საქართველოში ერთ–ერთი უძველესი სალოცავია. იგი დაბურულ ტყეში ისეა შეყუჟული, როგორც ჩიტი საკუთარ ბუდეში და გზიდან არ მოჩანს. მას სანახევროდ გამოქვაბული ფარავს. დასავლეთის კარზე ამოკვეთილი წარწერა გვამცნობს, რომ დაბის ეკლესია 1333 წელს გიორგიV ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს, ანუ ხაზინის უფროსს აუშენებია.

    ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი შესასვლელი აქვს, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. პირველი სადაა, ხოლო მეორე თავის სარკმელთან ერთად, ორნამენტებით და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული.

    ეკლესიას კარები არ აქვს. არსებობს თქმულება, რომელის მიხედვით სალოცავისთვის კარი რამოდენიმეჯერ შეუბამთ, მაგრამ უშედეგოდ , ის ყოველთვის ვარდებოდა.





პეტრეს ციხე

    მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მაღალ კლდოვან მთაზე აღმართულია შუა საუკუნეების სიმაგრე-პეტრეს ციხე. ვარაუდობენ,რომ მისი ადრინდელი სახელი იყო ყვერბილის ციხე. იგი ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს.


    ციხე დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიული სოფლების ფაფისა და ნუასაკენ მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალების ადმინისტრაციული ცენტრი იყო.



    ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია.



    გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი.








Комментариев нет:

Отправить комментарий